|
საზაფხულო სკოლა ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“
პროექტი განხორციელდა სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ინიციატივით, ორგანიზებითა და დაფინანსებით. პროექტის მიზანი:
•სხვადასხვა სოციალური და ეთნიკური ჯგუფების მოსწავლეებში კონსტიტუციონალიზმის პრინციპების დამკვიდრება, სამართლებრივი კულტურის ამაღლება, საჯარო სამართლის სფეროში სწავლის გაგრძელებისა და ცოდნის დაუფლების სურვილის გაღვივება და სტიმულირება; •კანონის უზენაესობის, სახელმწიფოს ძირითადი კანონის პრინციპებისა და ნორმებისადმი პატივისცემის, კანონმორჩილების დამკვიდრების ხელშეწყობა; •მოსწავლეთათვის თავისუფლების კონსტიტუციური იდეის ახსნა-განმარტება, თავისუფალი აზროვნების განვითარების, ლიბერალური დემოკრატიის, როგორც ღირებულებათა სისტემის დამკვიდრების ხელშეწყობა; •უცხო გარემოში ქცევისა და ერთმანეთთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების გამომუშავება. •სხვადასხვა სოციალური და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა ინტეგრაცია.
პროექტის აღწერილობა:
2011 წელს, 4 ივლისიდან 27 აგვისტოს ჩათვლით, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრს ესტუმრნენ მოსწავლეები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის, სოციალურად დაუცველი და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა ოჯახებიდან, მათ შორის იყვნენ, თბილისის, ახმეტის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის და ბორჯომის საჯარო სკოლების VIII-IX კლასის მოსწავლეები თანმხლებ პირებთან ერთად. მოსწავლეებმა დაათვალიერეს კონსტიტუციონალიზმის დარბაზი, მოისმენეს ლექციები კონსტიტუციონალიზმის საფუძვლებისა და სამართლის სხვადასხვა დარგების პრინციპების შესახებ. შეავსეს თემატური ტესტები, მონაწილეობდნენ იმიტირებულ სასამართლო პროცესში, დებატებსა და დისკუსიებში. პროექტის მონაწილეებმა დაათვალიერეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ღირშესანიშნაობები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, ბათუმის ბულვარი და მოისმინეს ლექცია თემაზე - აჭარის ისტორია. სასწავლო პროგრამისგან თავისუფალ დროს, ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში, მონაწილეობდნენ სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშებში. უკლებლივ ყველა მონაწილეს გადაეცა საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი და სამახსოვრო საჩუქრები. პროექტის 200 მონაწილიდან 24 საუკეთესო, ოქტომბრის დასაწყისში ესტუმრა საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკს - ,,პატრიოტი“, სადაც ბანაკის პროგრამით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებთან ერთად, მოისმინეს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელის, ავთანდილ დემეტრაშვილის საჯარო ლექცია თემაზე - „საკონსტიტუციო სასამართლოს როლი საქართველოში“.
|
|