| ,,ეტალონი“ კონსტიტუციონალიზმის დარბაზში
კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრისა და სატელევიზიო პროექტის ,,ეტალონი“ თანამშრომლობის ფარგლებში, 25-27 მაისს, კონსტიტუციონალიზმის ცენტრს ესტუმრნენ პროექტის ავტორი და წამყვანი ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი, გადაცემის პროდიუსერი ქალბატონი მანანა ღოღობერიძე, ,,ეტალონი“-ს 2011 წლის ნოემბრის თვის გამარჯვებული მოსწავლეები, პედაგოგები თბილისიდან და ფოთიდან. ორი დღის განმავლობაში სტუმრები მონაწილეობდნენ საგანმანათლებლო პროექტით ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ გათვალისწინებულ ღონისძიებებში. კონსტიტუციონალიზმის დარბაზში სტუმრებს მიესალმა და საქართველოს კონსტიტუციური ისტორიის შესახებ ლექცია წაიკითხა ცენტრის ხელმძღვანელმა, ბატონმა ავთანდილ დემეტრაშვილმა. ,,სიმბოლურია ჩვენი შეხვედრა დღეს, 26 მაისს, როცა ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. არსებითად, სწორედ 1918 წლის 26 მაისიდან იწყება საქართველოს კონსტიტუციური ისტორია. დამოუკიდებლობის აქტში ჩამოყალიბებული პრინციპები საფუძვლად დაედო და აისახა დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს მიღებულ კონსტიტუციაში. საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია საკმაოდ საინტერესო მოდელია კონსტიტუციისა, რომელშიც გონივრულადაა შეჯერებული მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის გამოცდილება და საერთო-ეროვნული ქართული საწყისები. გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი ჰანს-დიტრიხ გენშერი აღნიშნავდა, რომ 1921 წლის კონსტიტუციის ტექსტი ერთ-ერთი პროგრესული იყო ევროპის კონტინენტზე. უკვე მაშინ აღიარებდა იგი ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო, რომელსაც დღევანდელი ევროპა ეყრდნობა“ - განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა და მანვე დეტალურად ისაუბრა საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის მიღებისა და 2009-2010 წლებშიგანხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. სტუმრებმა დაათვალიერეს კონსტიტუციონალიზმის დარბაზი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ღირშესანიშნაობები. პროექტის ფაბულის თანახმად, მოსწავლეებმა შეავსეს თემატური ტესტები, რომლის შედეგების საფუძველზე გამოვლინდა სამი გამარჯვებული. სტუმრებს გადაეცათ საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია (საყმაწვილო, ილუსტრირებული), სერთიფიკატები, დიპლომები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები ცენტრის სიმბოლიკით. ,,ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. მოხარული ვართ, რომ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა მოგვეცა. ამ და მსგავს პროექტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მომავალ თაობაში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაში“ - განაცხადა გოჩა ტყეშელაშვილმა და თავის მხრივ ცენტრს გადასცა სამახსოვრო საჩუქრები პროექტის სიმბოლიკით. კონსტიტუციონალიზმის ცენტრი, პროექტის ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ ფარგლებში, მოსწავლეების მიღებას განაახლებს მიმდინარე წლის შემოდგომიდან.
| |