| საზაფხულო სკოლა ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“
კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრში, ინიციატივის ,,სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის“ ფარგლებში, დაიწყო პროექტის საზაფხულო სკოლა ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ განხორციელება. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ IX კლასელი მოსწავლეები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის, სოციალურად დაუცველი და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა ოჯახებიდან. 1 აგვისტოს ბათუმს ეწვია პირველი ჯგუფი. თბილისიდან - გლდანი-ნაძალადევის რაიონის სოციალურად დაუცველი, ბაზალეთიდან - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი და მარნეულიდან - ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეები. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები დაათვალიერებენ კონსტიტუციონალიზმის დარბაზს, მოისმენენ ლექციებს კონსტიტუციონალიზმის საფუძვლების, სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების შესახებ. შეავსებენ თემატურ ტესტებს, მონაწილეობას მიიღებენს დებატებსა და დისკუსიებში. პროექტის მონაწილეები ნახავენ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ მომზადებულ სასწავლო-შემეცნებით ფილმს ,,კანონთა კანონი“, რომელიც მაყურებელს უამბობს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში კონსტიტუციური პროცესის განვითარების შესახებ და იმსჯელებენ ფილმში მოთხრობილი ფაქტების ირგვლივ. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები დაათვალიერებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ღირშესანიშნაობებს, გონიოს ციხეს, ბათუმის ბულვარს და მოისმენენ ლექციას თემაზე - აჭარის ისტორია. სასწავლო პროგრამისგან თავისუფალ დროს, ბათუმში, ფერიას მთაზე, სადაც იცხოვრებენ პროექტის ბენეფიციარები, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშებში. პროექტის მიზანია:
- სხვადასხვა სოციალური და ეთნიკური ჯგუფების მოსწავლეებში კონსტიტუციონალიზმის პრინციპების დამკვიდრება, სამართლებრივი კულტურის ამაღლება, საჯარო სამართლის სფეროში სწავლის გაგრძელებისა და ცოდნის დაუფლების სურვილის გაღვივება და სტიმულირება.
- კანონის უზენაესობის, სახელმწიფოს ძირითადი კანონის პრინციპებისა და ნორმებისადმი პატივისცემის, კანონმორჩილების დამკვიდრების ხელშეწყობა;
- მოსწავლეთათვის თავისუფლების კონსტიტუციური იდეის ახსნა-განმარტება, თავისუფალი აზროვნების განვითარების, ლიბერალური დემოკრატიის, როგორც ღირებულებათა სისტემის დამკვიდრების ხელშეწყობა.
- უცხო გარემოში ქცევისა და ერთმანეთთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
- სხვადასხვა სოციალური და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა ინტეგრაცია.
პროექტის დასასრულს, თემატური ტესტების შედეგებით, გამოვლენილი ცხრა საუკეთესო მოსწავლე, ოქტომბრის დასაწყისში, ესტუმრება საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკს - ,,პატრიოტი“.
| |