| საზაფხულო სკოლა ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ დასრულდა
1 სექტემბერს კონსტიტუციონალიმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურმა ცენტრმა, საზაფხულო სკოლაში ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ მონაწილე მოსწავლეების მესამე ჯგუფი გააცილა, რითაც დასრულდა ცენტრის ინიციატივის ,,სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა“ შემადგენელი ერთერთი პროექტი - საზაფხულო სკოლა ,, კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს კონსტიტუციონალიზმის დარბაზი, მოისმენეს ლექციები კონსტიტუციონალიზმის საფუძვლების, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების შესახებ. შეავსეს თემატური ტესტები, მონაწილეობა მიიღეს დებატებსა და დისკუსიებში. პროექტის მონაწილეებმა, იხილეს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ მომზადებული სასწავლო-შემეცნებითი ფილმი ,,კანონთა კანონი“, რომელიც მაყურებელს უამბობს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში კონსტიტუციური პროცესების განვითარების შესახებ და იმსჯელეს ფილმში მოთხრობილი ფაქტების ირგვლივ. სტუმრები აგრეთვე გაეცნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიას, დაათვალიერეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ღირშესანიშნაობები, გონიოს ციხე, ბათუმის ბულვარი და მოისმინეს ლექცია თემაზე - აჭარის ისტორია. დასასრულს, ცენტრის ხელმძღვანელმა, ბატონმა ავთანდილ დემეტრაშვილმა პროექტის ყველა მონაწილეს გადასცა საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები და ცენტრის მიერ გამოცემული საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს საყმაწვილო ილუსტრირებული კონსტიტუცია. თემეტური ტესტების შედეგების საფუძველზე გამოვლენილ სამ საუკეთესო მოსწავლეს, აგრეთვე გადაეცათ დიპლომები და მედალიონები. საზაფხულოს სკოლაში მონაწილე 9 საუკეთესო მოსწავლე, ოქტომბრის დასაწყისში, ესტუმრება საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკს - ,,პატრიოტი“.
| |