| ავთანდილ დემეტრაშვილის კომენტარი, წინადადებაზე, გუბერნატორების პირდაპირი წესით არჩევის შესახებ
კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადებით, გუბერნატორების პირდაპირ არჩევას კონსტიტუციის გადასინჯვა დასჭირდება.
ამის შესახებ დემეტრაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული იმ ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, მერები, გამგებლები და ყველა გუბერნატორი შესაძლოა, პირდაპირი წესით იქნეს არჩეული.
დემეტრაშვილის თქმით, ორივე იდეის რეალიზაცია საკმაოდ რთული პროცესია და ხანგრძლივ დროს და რესურსს მოითხოვს.
მისივე განცხადებით, სადაო საკითხად ითვლება გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა, რადგან გამგებლის არჩევითობის დროს ის ტერიტორიული ერთეული უნდა განისაზღვროს, რომლის მოსახლეობაც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
რაც შეეხება გუბერნატორის არჩევას, როგორც დემეტრაშვილი განმარტავს, ამ თემას კონსტიტუციის გადასინჯვა დასჭირდება.
"ვფიქრობ, ეს ძალიან სერიოზული საკითხებია, რომლებიც ერთ-ორ დღეში ნამდვილად ვერ გადაწყდება. ამაზე მცდელობაც კი საკმაოდ რთული იქნება. იმიტომ რომ გუბერნატორების პირდაპირ არჩევას კონსტიტუციის გადასინჯვა დასჭირდება. ეს ხანგრძლივი პროცესია. სულ ცოტა ორი თვე მაინც დასჭირდება. რაც შეეხება მერის პირდაპირი წესით არჩევას, ამას კონსტიტუციის გადასინჯვა არ დასჭირდება და ამისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი უნდა გადაიხედოს", - განმარტა დემეტრაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს მერების, გამგებლების და ყველა გუბერნატორის პირდაპირი წესით არჩევის გზა შესთავაზა.
ამის შესახებ სააკაშვილმა გუშინ ქუთაისში ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას განაცხადა.
"ადგილობრივი პოლიტიკური ცხოვრებაც დაჩქარებული ტემპით უნდა განვითარდეს. როდესაც ხელისუფლებაში მოვედი, ქალაქის მერებსა და გამგებლებს პრეზიდენტი ნიშნავდა, მათ ახლა საკრებულოები ირჩევენ, ხოლო თბილისის მერს - დედაქალაქის მოსახლეობა. პირდაპირი არჩევის წესი სხვა მერებსა და გამგებლებზეც უნდა გავრცელდეს. ასევე გთავაზობთ, რომ ყველა გუბერნატორი პირდაპირი წესით ავირჩიოთ. ეს გადამწყვეტი იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო გაღმავების პროცესში. დეცენტრალიზაცია არის არა მარტო სასიცოცხლო დემოკრატიული პრინციპი, არამედ ჩვენი ინსტიტუტების განვითარების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი და მათი მდგრადი ფუნქციონირების საუკეთესო გზა", - განაცხადა სააკაშვილმა.
თელარა გელანტია
| |